აქტივისტების ცნობით, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავებულია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია.
თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ არასრულწლოვან აქტივისტსაც, რომელსაც თავში სავარაუდოდ რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილები [თავდამსხმელები], ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ.. გვერდიდან მომეპარა, პოლიციამ რომ ამოიღოს აქ ათასობით კამერაა და დაინახავენ ძალიან კარგად, რომ გვერდიდან მომეპარა“,- უთხრა „ტვ პირველს“ იგორ ნარმანიამ და აჩვენა რკინის ნაჭერი, რომელიც მისი თქმით თავდამსხმელებმა თავში ჩაარტყეს.
აქტივისტების თქმით, სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რათა ხალხისთვის მოეწოდებინათ ხვალინდელ საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.