ბელგიის პოლიციამ და ევროპის პროკურატურამ EEAS-სა და ბრუგეს ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა. მედიის ცნობით, დაკავებულია ფედერიკა მოგერინი
დღეს ბელგიურმა პოლიციამ ევროპის პროკურატურის (EPPO) ხელმძღვანელობით ბრიუსელში, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში (EEAS), ასევე ბრუგეს ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებებს ჰქონდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერა.
საფუძველი უმცროსი დიპლომატებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 9-თვიან სასწალო კურსთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიებაა.
გაჩხრიკეს ეჭვმიტანილთა სახლებიც. დაკავებულია სამი ადამიანი.
ინფორმაცია EPPO-მ გაავრცელა.
სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ბრალდებები, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროპის კოლეჯმა 2021 და 2022 წლებში ევროკავშირის სახელმწიფო სახსრები ბოროტად გამოიყენეს.
კერძოდ, აღნიშნულმა კოლეჯმა სწავლების ჩატარების უფლება EEAS-ისგან შესყიდვის წესით მიიღო.
ევროპის პროკურატურის ცნობით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროგრამის ტენდერის დროს დაირღვა ფინანსური რეგულაციის 169-ე მუხლი, რომელიც სამართლიან კონკურენციას ეხება და რომ მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს გადაეცა.
გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, იცოდნენ თუ არა წინასწარ ევროპის კოლეჯში აღნიშნული სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად გამოცხადებული ტენდერის შესახებ.
EPPO ასევე აღნიშნავს, რომ ჩხრეკის დაწყებამდე უწყებამ რამდენიმე ეჭვმიტანილისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა. მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
გამოცემა Euractiv წერს, რომ საქმე ეხება 3.2 მილიონ ევროს. ამავე მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ფედერიკა მოგერინია, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში.