ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, გახსნას გაწევრების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან

პუბლიკა

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას გაწევრების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

„ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ბლოკში გაწევრება ოფიციალურად 8 წლის წინ მოითხოვა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ეს ქვეყნის ლიდერებს მიულოცა და უთხრა მათ: „თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია“.

შარლ მიშელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბორჯანა კრიშტოს ხელს ართმევს.

ბოსნიას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ოქტომბერში მიენიჭა. განაცხადი წევრობაზე 2016 წელს შეიტანეს.

როგორც BBC წერს, „გასული წლის განმავლობაში ქვეყანა იღებდა კანონებს, რომლებიც ეხება კომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებს, რომლებიც ფოკუსირებულია დემოკრატიასა და სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე, კანონის უზენაესობაზე, ფუნდამენტურ უფლებებსა და საჯარო მმართველობის რეფორმაზე”.