ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს „გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტი

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მისმა მიღებამ, შესაძლოა, სერიოზულად შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.

კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი და ცალსახად აიღოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და ენერგიულ სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებრივ საქმეებში, ასევე უზრუნველყოს სამოქალაქო ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადამიანებისთვის ხელსაყრელი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება.

„მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური საზრუნავი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების უფლებების და თავისუფლებების და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ ამ სფეროში ნებისმიერი ჩარევა უნდა ეფუძნებოდეს აუცილებლობის და პროპორციულობის პრინციპს, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა ევროპაში არასამთავრობოების სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ის აძლევს არასამთავრობოებს უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან.

გარდა ამისა, მიატოვიჩი პაპუაშვილს მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით რუსულმა კანონმა აგენტების შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი დაარღვია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული და ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვან შემაძრწუნებელ გავლენას ახდენდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ უნარზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.