საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ეწვია. ევროპის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის კონტექსტია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობრივი აქტები.
განცხადების მიხედვით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
„როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა 1999 წლიდან, საქართველო ვალდებულია პატივი სცეს ფუნდამენტურ ვალდებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას. ეს პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს სტატუტში და ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას (ECHR), არსებითია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
გენერალურ მდივანს შესაძლებლობა ჰქონდა, სრული სიცხადით გაემეორებინა ეს მესიჯი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.
დღევანდელ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი აარიდონ დაძაბულობის ყოველგვარ ესკალაციას. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ალენ ბერსე მიესალმება ოპოზიციონერების, ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილს გათავისუფლებას და გეგმავს მათთან, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან შეხვედრას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ასევე შეხვდება ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, მიხეილ ყაველაშვილსა და მაკა ბოჭორიშვილს.
ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოფიციალური ვიზიტი – 17-21 დეკემბერს შედგება.