76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო.
კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოებს მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ფრანგი ხავიერ კადორე იყო.
რა წერია დეკლარაციაში?
დეკლარაციის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზებითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური] კანონმდებლობის ამოქმედებით.
კონგრესი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრისა და ასევე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მიეცეს საშუალება წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს.
ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
კონგრესი ამასთანავე ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას და მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აპირებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა, ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ პასუხისმგებლობა დაეკისროს.