ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოზე დებატები ჩაინიშნა, იგეგმება დეკლარაციის მიღებაც

პუბლიკა

ევროპის საბჭოს კონგრესში 17 ოქტომბერს საქართველოს შესახებ „გადაუდებელი დებატები” ჩაინიშნა. გადაწყვეტილება დღეს ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დებატების გამართვა გამოწვეულია „საქართველოში დემოკრატიული უკანდახევისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო ღრმა შეშფოთებით”. ირკვევა, რომ იგეგმება დეკლარაციის მიღებაც.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 47-ე სესიის ფარგლებში ჩანიშნულ დებატებში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ფრანგი ხავიერ კადორე იქნება.

რა წერია დეკლარაციის პროექტში?

დეკლარაციის პროექტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზებითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური) კანონმდებლობის ამოქმედებით.

კონგრესი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრისა და ასევე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მიეცეს საშუალება წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს.

ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, – ნათქვამია პროექტში.

კონგრესი ამასთანავე ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას და მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძნოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აპირებს.

დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ პასუხისმგებლობა დაეკისროს.