„ევროპულ საქართველოს“ გიორგი ნონიაშვილი შეუერთდა

პუბლიკა

პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ნონიაშვილი მათი ახალი სახე იქნება და „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციულ ქსელს უხელმძღვანელებს.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად წლებია შექმნა მედიისთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“, რომელიც მუდმივად გვაწვდიდა ინფორმაციას, როგორ ფლანგავდნენ, რა კორუფციული გარიგებები ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმს სხვადასხვა ადგილზე და გვაწვდიდა კვალიფიციურ, ზუსტ ინფორმაციას.

ეს არის ადამიანი, რომელიც გავრილოვის ღამის შემდეგ იყო აქტიური მონაწილე იმ სამოქალაქო პროტესტისა“, – განაცხადა წარდგენისას გიგა ბოკერიამ.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, პოლიტიკაში მისი წასვლით სურს „ადამიანებს დაუბრუნოს პოლიტიკა“ და ხელი შეუწყოს ცვლილებებს.

„მე მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები არა იმიტომ, რომ გვარები გამოიცვალოს ხელისუფლებაში და დანარჩენი იგივე დარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს.

ადამიანების ყოფის გაუმჯობესების გზა კი მათ შორის გადის ბიუროკრატიის შემცირებაზე, გადასახადების, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, სამწუხაროდ. ჩვენი ყველას ფული ყაირათიანად უნდა იხარჯებოდეს“, – განაცხადა ნონიაშვილმა წარდგენისას.

გიორგი ნონიაშვილი სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერების კუთხით მუშაობდა. აქვს აკადემიური და კვლევითი გამოცდილება. არის „მმართველობის მონიტორინგის ცენტრისა“ და „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელი.