ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, ადამიანის უფლებათა ვეროპულ სასამართლოში 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო.

კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარდგენის ვადა განუსაზღვრა.

საია-მ და EHRAC-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 07 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 07 ივნისს აცნობა.

საია-ს განმარტებით, არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს შეკითხვებს 2021 წლის 09 დეკემბრამდე უპასუხოს. დამატებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა საია-სა და EHRAC-ის მოთხოვნა, სახელმწიფოს, ასევე, ევალება წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს, რითაც მათ მნიშვნელოვნად ეზღუდებათ მათი პროცესუალური უფლებები.

„2021 წლის 09 დეკემბრამდე წარსადგენ პოზიციაში, სახელმწიფომ საქმეებზე: თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; და, დავით ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგევროპული სასამართლოს  მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს უნდა უპასუხოს:

1.     მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუარა ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?

2.     ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი?  რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?

3.     მომჩივანი ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან  ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?

4.     მოხდა თუ არა მომჩივანი დემონსტრანტების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციისმე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?

5.     ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?

სასამართლოს პროცედურის თანახმად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დასმულ შეკითხვებზე საკუთარ პოზიციას წარადგენს,  საია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სახელით  დამატებით წარადგენს წერილობით არგუმენტაციას ევროპულ სასამართლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.