პარტია „ლელოს“ ორგანიზებით, მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. „ევროპული იდეა ეროვნული იდეაა!“ – ამ მოწოდებით აქციის მონაწილეები 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გამართეს.
მოქალაქეები წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის სიმბოლიკის ამოღებას აპროტესტებენ.
„ლელომ“ საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ დააანონსა, რაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ევროკავშირის დროშის ბანერი პარლამენტის შენობაზე აღარ ჩამოკიდეს და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა. პარლამენტის შენობის ფასადზე მხოლოდ საქართველოს დროშებია, მაშინ როდესაც 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშის ბანერიც იყო.
ერთი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანი იყო „ევროპისკენ“. წელს კი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 26 მაისის სლოგანია „თავისუფლების სიყვარული“.
საქართველოს მთავრობის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის გაფორმებები ყოველწლიურად თემისა და სლოგანის მიხედვით იცვლება. მათი ცნობით, წელს „დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება ხდება ეროვნული სიმბოლიკით.“