ევროპული პრესისგან ცენზურა ტენდენციად იქცა - ივანიშვილის ადვოკატები

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები საერთაშორისო მედიაში სტატიების გამოქვეყნების სირთულეზე მორიგ განცხადებას ავრცელებენ.

მათი განცხადებით, მიმდინარე კვირაში ივანიშვილის პიარგუნდს სტატიის გამოქვეყნების მცდელობა ჰქონდა, თუმცა „ისინი შეეჯახნენ ბარიერს, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია“.

„როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატები ავრცელებენ იმ სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზე, მათი თქმით, 14 თებერვალს უარი მიიღეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ივანიშვილის კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართა და იგი შეიცავდა ბანკის მენეჯმენტის საფუძვლიან მხილებას, რაც ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, იგი დაექვემდებარა ბლოკირებას და ცენზურას. მისი გაცნობის საშუალება მხოლოდ ქართულ აუდიტორიას მიეცა მას შემდეგ, რაც ევროპულ პრესაში გამოქვეყნება ორიგინალი სახით შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც აჩვენებს, რომ ქართული მედია სივრცე თავისუფალია. აქვე დავძენთ, რომ მოცემული სტატია ასევე გაშუქდება ქართულ პრესაში მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მის მიმართ მიმღებლობა ევროპულ მედიაში.

იმედგამაცრუებელია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ხორციელდება ბანკის კრიტიკა, მაშინ ბატონი ივანიშვილისთვის ყველა კარი ღიაა: სტატიებს ბეჭდავს როგორც შვეიცარიული, ისე ევროპული და წამყვანი საერთაშორისო მედია. ამასთან, როგორც კი ფოკუსის ქვეშ ექცევა არა ბანკი, არამედ კონკრეტულად მისი მენეჯმენტი, რომელიც შეგნებულად აზიანებს ბანკის ინტერესებს და პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ აქცევს თავის კლიენტს, მაშინ მედია დუმს და ეს უკვე არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ტენდენციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიას ვრცლად გაეცანით ბმულზე.