ევროპული საბჭო სხდომის შემდეგ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის კურსზე და აღნიშნულია, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს.
ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
16 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაგეგმილი სხდომის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი მიწვევის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და განსახილველ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება საქართველოც, რადგან ქვეყანა, მოლდოვასთან ერთად, გადამწყვეტი ეტაპის წინაშე დგას.
ის წერილში მიუთითებდა, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინა მთავარი საკითხი იქნება და წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოისმენენ მისი გამარჯვების გეგმას.