ევროპული საბჭო: ვითვალისწინებთ საქართველოს ძალისხმევას და ხელს ვუწყობთ რეფორმებში

პუბლიკა

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირში გაწევრების გზაზე აუცილებელი რეფორმების შესრულებაში. ასევე, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და წაახალისებს ქვეყნის წინსვლას გამორჩეულად პრიორიტეტული რეფორმებისკენ.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნის დოკუმენტშია აღნიშნული.

ბრიუსელში სამიტის პირველ დღეს ევროკავშირის ლიდერებმა მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც საუბარია უკრაინის საკითხზე, გაფართოების პოლიტიკაზე, ახლო აღმოსავლეთსა და მიგრანტების საკითხზე. სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროკავშირში გაწევრების გზაზე მომდევნო ეტაპზე გადაიყვანენ და მოლაპარაკებებს გაუხსნიან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის წარდგენის შემდეგ, ევროპული საბჭო იწვევს ევროკავშირის საბჭოს, სწრაფად მიიღოს ისინი და შეუფერხებლად განახორციელოს მუშაობა.

საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.