„ევროპული საქართველო“ 16 ივნისის აქციას არ შეუერთდება

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას არ შეუერთდება“, – ამის შესახებ პარტიის წევრმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

მისი თქმით, 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური და „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ გზავნილის განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრების ყველა გზავნილში რეზოლუციის ჩათვლით საუბარია იმაზე, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. მათ მკაფიოდ გვითხრეს, რომ ჩვენი, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რას ვირჩევთ, ევროპულ მომავალს თუ ივანიშვილის ხელისუფლებას. 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ გზავნილის განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას“, – თქვა ქებურიამ.

გუშინ, 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 16 ივნისს 19:00 საათზე აქცია დაანონსა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მივიდნენ აქციაზე, რათა ევროპას აჩვენონ ერთიანი სურვილი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრება. ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის – „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდა.