„ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ მსვლელობას აანონსებს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო 17 ოქტომბერს მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ.

„კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრაქტიკულად, დარჩა 3 კვირაზე ნაკლები არჩევნებამდე და „ევროპული საქართველო“ განაგრძობს აქტიურ კამპანიას საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში და ჩვენ დღეს გვსურს გამოვაცხადოთ, რომ 17 ოქტომბერს, შაბათ დღეს, საღამოს 5 საათზე, გვექნება დიდი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე. ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, ბუნებრივია, დაცული იქნება ყველა წესი და სტანდარტი, რაც უკავშრიდება ეპიდემიას, მათ შორის ნიღბები, დაშორება, დისტანცირება და ა.შ.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ შემოგვიერთდნენ შაბათს, 5 საათზე ამ დიდ აქციაზე და ამ აქციის დასრულების შემდეგ გვექნება მსვლელობა იმ ადგილისაკენ, საიდანაც მოდის ყველა ბოროტება და ყველა პრობლემა ამ ქვეყანაში რაც ხდება, რაც არის წყარო როგორც დღეს არსებული უმუშევრობისა და სიღარიბის, ასევე,  უსამართლობის, რისი გამოვლინებაცაა ბოლო პერიოდში კარტოგრაფების საქმე, ამ ადგილისკენ, რომელიც არის ამ ყველაფრის წყარო და კარგად მიხვდებით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი. 

ამიტომ, შაბათს, 5 საათზე, ყველა ადამიანს, რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით, ვეპატიჟებით რესპუბლიკის მოედანზე, რათა შემდეგ ყველამ ერთად მოვაწყოთ საჩვენებელი მსვლელობა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ და ვაჩვენოთ მას, თუ რამდენნი ვართ და დავემშვიდობოთ ცოტა ნაადრევად არჩევნების დღემდე, მაგრამ გავუგზავნოთ ეს ძალიან ძლიერი შეტყობინება”, – განაცხადა კაპანაძემ.