„ევროპულმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარეკლამო კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პარტიის წევრების, გიორგი ნონიაშვილისა და ბესიკ დონაძის განცხადებით, „კომპანია „ალმამ“ კონტრაქტის პირობების დარღვევით უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოლიტიკური სატირის ბანერის განთავსებაზე. სწორედ ამიტომ, მათივე თქმით, კომპანია „ალმას“ მოუწევს „ევროპული საქართველოსთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართებოდა და ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს, ცხოველების ფერმას, რომელიც მას ძალიან უყვარს, მის პერსონაჟს იყო შედარებული. ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია „ალმას“ ბილბორდები, რათა ჩვენი პოლიტიკური სატირა თბილისის ქუჩებში გამოეფინა, მაშინ, როდესაც ისინი სამარცხვინო სისხლიან ბანერებს აკრავდნენ, მაგრამ კომპანია „ალმამ“, რომელსაც მთელი თბილისის ბანერები ეკუთვნის და წარმატებულად აქვს დალაგებული „ოცნებასთან”, უარი თქვა ჩვენი კამპანიის ნაწილის პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სწყენოდა და ძილი არ დაჰფრთხობოდა“, – აცხადებს ნონიაშვილი.
მისივე თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კომპანია „ალმას“ მოუწოდებდნენ, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები შეესრულებინათ, „რაც არ გააკეთეს, არანაირი ახსნა-განმარტებაც არ გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ ნათლად ვიცით, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი“.
„თქვენ იცით, რომ კანონპროექტი შეიტანეს, პოზირებენ ახლა სამარცხვინოდ, რომ თითქოსდა უარყოფითი კონტენტის შემცველი ბანერები საერთოდ არ უნდა გამოიფინოს თბილისის ქუჩებში, რაც სინამდვილეში ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ეს არის პასუხი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სატირაზე, რაც თავისი არსით არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ჩვენ კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვაქვს სასამართლო სარჩელი, მას მოუწევს სასამართლოშიც ჩვენთვის პასუხების გაცემა და ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, მათ შორის იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოგვაყენა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში”, – განაცხადა ნონიაშვილმა.