„ევროპული საქართველო” კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა დღეს „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე.
„იქ, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ არის უფრო მეტი თანხვედრა ბევრ საკითხთან დაკავშირებით…უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის პარტიის პარტიაში შესვლა, ან პარტიების გაერთიანება, ეს არის კოალიცია. ეს არის სწორედ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. სხვანაირად, ასეთი ტიპის ერთიანობის გარეშე, ძალიან რთული იქნება გამარჯვების მიღწევა და ცვლილებები ოქტომბერში”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიაში იქმნება ეროვნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც კობა ნაყოფია იქნება. ნაყოფიას კანდიდატურა გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარადგინეს და დაამტკიცეს.
პირველ აგვისტოს გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. საარჩევნო სიიდან გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილიც.
მათ 15 აგვისტოს ახალი პარტია, „ფედერალისტები” დააფუძნეს.