„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხდა. პარტიის ოფისში ბრიფინგი დავით ბაქრაძემ თანაგუნდელებთან ერთად გამართა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბებაში ერთიანად იყო ჩართული როგორც პარტიული, ისე კრიმინალური სტრუქტურები. მათი შეფასებით, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
„ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება: „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში.
ეს არ არის რიგითი პროტესტი ან რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამეტურ დამახინჯებასთან. ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად არჩევნების მეორე ტურშია, აცხადებს, რომ ეს არის „მტკიცე, ერთიანი პოზიცია“, რომ არჩევნები არალეგიტიმურია.
„არალეგიტიმურ პარლამენტში არ ვაპირებთ შესვლას და ეს არის ბრძოლისას ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი. ბევრი განხილვა არ უნდა იმას, რომ შესაბამისად, ცხადია, მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, ჩვენ არ ვიღებთ ამ თამაშის წესებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
დღის ბოლომდე ცნობილი გახდება „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ თავისი პარტიისთვის სრული ოპოზიციური კონსენსუსია მნიშვნელოვანი.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ასაწონ-დასაწონია“, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია. ის ამბობს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთიანი. გადაწყვეტილების მისაღებად „გირჩს“ ოპოზიციასთან დისკუსია და კოორდინაცია სჭირდება.
ოპოზიციურ პარტიებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა აქვთ. ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტმურია.
ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცენ მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.