„ევროპული საქართველო" ზაზა აბაშიძის გადადგომას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების გატარებას მოითხოვს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კომენტარს ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და ძალადობისკენ მოწოდებად აფასებს. კანდელაკი ამბობს, რომ ეს ქმედება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება. მისი განცხადებით, ზაზა აბაშიძე თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა და „ქართული ოცნების“ გამორჩეული სახეა. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გატარდეს.

„ეთნიკური შუღლის გაღვივება არის არათუ დაუშვებელი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მის მიმართ ვერანაირ შემწყნარებლობას საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო ვერ გამოიჩენს”, – განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის თქმით, ზაზა აბაშიძე იყო პრორუსული პარტიის აქტიური წევრი და გორჩაკოვის ფონდის მიერ დაფინანსებული, ღიად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რა დროსაც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრებას. კანდელაკის განცხადებით, ამ ფონდში საქმიანობის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ აბაშიძისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩაბარება.

„ბატონი აბაშიძის შეხედულებები არ არის გამონაკლისი „ქართულ ოცნებაში“. [ოცნება] სავსეა სწორედ ასეთი შავრაზმული შეხედულებების ადამიანებით, რომლებიც შეზრდილნი იყვნენ საბჭოთა სისტემასთან, არიან არსით, სულით და ხორცით საბჭოთა ადამიანები და მათთვის ფასეული არ არის ჩვენი ხალხის მისწრაფება, ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.


დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არის დანაშაული და პროკურატურა ვალდებულია, აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ სამოქალაქო პლატფორმამ „არა-ფობიას!“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი. განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

ზაზა აბაშიძის პირადი ფეისბუკ პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.