„ევროპული საქართველოს“ არჩევნებიდან მოხსნის სარჩელი სააპელაციომაც არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა აბსურდულია. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ევროპული საქართველო” თანაბარ საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენდნენ ბლოკში.

„ევროპული საქართველო არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი სიტუაცია, როგორ უნდა დამარცხდეს უმუშევრობა და სიღარიბე და, შესაბამისად, არ არის გასაკვრი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სუს და სუს-ის აგენტებიც სატელიტი პარტიებით, ყველანაირად ცდილობენ, რათა გაუქმდეს „ევროპული საქართველოს” რეგისტრაცია.

ჩვენს რეგისტრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ევროპული საქართველო“ იყო ისეთივე თანაბარი სუბიექტი საარჩევნო ბლოკისა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და, შესაბამისად, წარდგენა ორივე პარტიიდან თანაბრად მოხდა“,  – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.


პარტია „ევროპული საქართველოს“ არჩევნებიდან მოხსნის სარჩელით სასამართლოს სერგო ჯავახიძემ მიმართა. სერგო ჯავახიძეს სარჩელის საფუძვლად მოჰყავდა საარჩევნოდ პარტიების რეგისტრაციის წესი, რომლის მიხედვით, პარტიას, რომელსაც მისი სიის წარდგენით არჩეული დეპუტატი არ ჰყავს, რეგისტრაციის ვადა პირველიდან 15 ივლისამდე აქვს, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადი გააკეთა 2 სექტემბერს. ჯავახიძე ამბობს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის ახლანდელი წევრები ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკის სიით გავიდნენ, შესაბამისად, მისი მტკიცებით, „ევროპულმა საქართველომ“ რეგისტრაციის ვადები დაარღვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„აბსურდი და სისულელე იყო, რასაც მედავებოდნენ. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც გაფრთხილება თუ არ ვიცი, რა ჰქვია ამას… უცნაური, უკბილო, უაზრო მუქარა სუს-ის მხრიდან იმიტომ, რომ ეს ადამიანი, ვინც ეს სარჩელი შემოიტანა, აშკარად სუს-ის პროვოკატორია“, – აღნიშნა მაშინ სერგი კაპანაძემ.