„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს უკანონოდ აჯარიმებენ

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ, ღობეზე საარჩევნო პლაკატები პროტესტის ნიშნად გააკრეს. პარტიის განცხადებით, ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ მთელი საქართველოს მასშტაბით „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო დაჯარიმებას.

„იმის მაგივრად, რომ ებრძლონ კრიმინალს, ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პლაკატების გაკვრისას ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს განუცხადეს, რომ მათი ქმედება საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პლაკატების გაკვრა მაინც შეძლეს. მოგვიანებით პლაკატები, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა ჩამოხსნა.