„ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. პრეზენტაცია ხვალ, 15 აგვისტოს გაიმართება. თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება.

პარტიას „ფედერალისტები” ერქმევა – ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, „ის ძალაუფლების გაწონასწორებისა და შეკავების საუკეთესო სისტემაა”.

„ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა.

მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი.

ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.

ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ – ევროპაში, დასავლურ ცივილზაციაში ვერ დავბრუნდებით.

ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.

დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები.

ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით”, – აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირველ აგვისტოს გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა.

საარჩევნო სიიდან გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილიც.

მისი თქმით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.