ევროპული სასამართლო აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას მოითხოვს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაავალა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებისგან, განსაკუთრებით სამხედრო მოქმედებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ევროპული სასამართლოს განცხადებით, მთიანი ყარაბაღის განახლებული კონფლიქტისას შექმნილი ვითარება წარმოშობს საშიშროებას, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ამიტომ სასამართლო მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, დაიცვან კონვენციის პრინციპები – სიცოცხლის უფლება და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობა.

ევროპულმა სასამართლომ ორივე სახელმწიფოს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ინფორმაცია კონვენციის დასაცავად მიღებული ზომების შესახებ.


მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს, დილით დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რეგიონში სამხედრო მოქმედებები მესამე დღეა არ წყდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს არერთი სომხური პოზიცია და დაიკავეს დასახლებებისა და სტრატეგიული ობიექტების ნაწილი. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს.

სამხედრო დაპირისპირებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი ირწმუნება, რომ მათ მტერს გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს, საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე. კონფლიქტის განახლების შემდეგ მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოქალაქეებშიც.

ამჟამად როგორც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო აზერბაიჯანში ნაწილობრივ მობილიზაციაც გამოცხადდა.

კონფლიქტს გამოეხმაურა არაერთი ქვეყანა. მათ შორის თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მას კონფლიქტის გაღვივებასა და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოლო აზერბაიჯანი გააკრიტიკა კვიპროსმა ოფიციალურ განცხადებაში. მხარეებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა კრემლმაც, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს თურქეთის ხელისუფლებაც გააკრიტიკა და მოუწოდა მას, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებებისგან. 29 სექტემბერს რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა.

ფაშინიანი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდა დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადაყვანისკენ, ფაშინიანმა კი მოითხოვა, რომ შეაჩერონ თურქეთი კონფლიქტში შესაძლო ჩართვისკენ. სომხეთი ამტკიცებს, რომ თურქეთის ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში აქტიურადაა ჩართული და რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, NATO, ევროპის საბჭო, აშშ და სხვ.

29 სექტემბერს გაიამრთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც, სადაც კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყონებლიც შეწყვეტისკენ მოუწოდეს მხარეებს.