„ევროპულმა საქართველომ“ პერფორმანსი გამართა და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან არჩევნების მეორე ტურის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ თეთრი ბუშტები გაუშვეს, რომელზეც ორუელის „ცხოველების ფერმით“ შთაგონებული ბიძინა ივანიშვილის სატირული პორტრეტია გამოსახული.

პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ხვალ არის შანსი, შემცირდეს ის საფრთხე, რასაც „ივანიშვილის რეჟიმი“ უქმნის საქართველოს.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ხვალ გვაქვს შანსი შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრული პირიდან ოდნავ უკან გამოვიწიოთ. ასევე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ როდესაც ასე დაუპირისპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე ფეხებზე დაიკიდებ მოქალაქეებს, ამისთვის ისინი დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება ხვალ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საფრთხეები უფრო იზრდება, რადგან ეს რეჟიმი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ძალაუფლებისთვის და ამისთვის მზად არიან შესწირონ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საკითხები, დათესონ იმ ტიპის შუღლი, ზიზღი და ძალადობა, რომელიც დიდი ხნით გადაიყოლებს ჩვენი ქვეყნის შანსებს, რომ თავისუფალი და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ. ხვალ არ ხდება ერთი მთავრობის მეორით ჩანაცვლება, ხვალ უბრალოდ ხდება ამ რეჟიმის ჩარჩოში მოქცევა და დაძვრა იმ პროცესის, რომ მისი შემდგომში ჩანაცვლება ვადამდელი არჩევნებით ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალადობა აღარ იყოს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.