ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილება დღეს, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სალომე ჯორბენაძის საქმეზე გამოიტანა.
„19 წლის სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მოკლა მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით.
მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა”, – ამბობენ საიაში.
ორგანიზაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
ამ საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით.