ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა, – ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეს აწარმოებს.
მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარი ნიკოლო ღვინიაშვილმა საიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დახმარებით (EHRAC) ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა.
წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და ამავდროულად მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
ორგანიზაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს მისი პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარით ნიკოლო ღვინიაშვილის მიერ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ამასთან, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი.
ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12-კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.