ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ქართული მედიების გამო განგაშის სიგნალი ჩართო.
განგაშის საფუძვლად „ანტიკორუფციული ბიუროს” მიერ მედიაორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილებია, რომლითაც უწყება მათგან მოითხოვს, წარმოადგინონ მონაცემები ყველა საგრანტო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მათ მიერ ხელმოწერილია ან ძალაშია 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე.
„ანტიკორუფციული ბიუროსგან” აღნიშნული წერილები მიიღეს ონლაინ მედიაპლატფორმებს „64″, „მთის ამბები”, „რეალპოლიტიკა” და „აი, ფაქტი”, ასევე, ორგანიზაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
მანამდე, 8 სექტემბერს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა ანალოგიური წერილის მიღების თაობაზე.
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ წერილებში მკაფიო სამართლებრივი საფუძველი არ იყო მითითებული. დაზარალებული მედიების რედაქტორებმა და დამფუძნებლებმა მოთხოვნები თვითნებურად, არასათანადოდ და კონფიდენციალურობის დაცვის დამრღვევად შეაფასეს.
მედიებისთვის საგრანტო ინფორმაციის მოთხოვნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ე.წ FARA-ს მიღება და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა” აცხადებს:
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თვითნებური შემოწმებები, გააუქმოს გრანტების შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებები და დაასრულოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ. გრანტებისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი კანონები უნდა იყოს გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს“.