ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭომ გამოაქვეყნა დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ საქმიანობას.
დასკვნა ეხება „გრანტების შესახებ“ კანონში, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და რამდენიმე სხვა დაკავშირებულ კანონში შეტანილი ცვლილებებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბევრ დებულებას აკლია მკაფიო განმარტება, რაც ხელისუფლებას ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, რათა ჩაახშოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება.
ანგარიში ასკვნის, რომ ეს კანონები მეტწილად შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან, არ გააჩნია დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი და რომ გაუმართლებელ ზიანს აყენებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას.
საბჭო გასცემს რეკომენდაციას საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს დემოკრატიული ლანდშაფტის შემდგომი დაზიანება.
კერძოდ, ექსპერტთა საბჭოს მიუთითებს შემდეგს:
- საკანონმდებლო ცვლილებებს აქვთ სერიოზული გავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
- ბევრი დებულება ვერ აკმაყოფილებს „კანონით დადგენილ“ მოთხოვნას, რადგან ისინი ბუნდოვანია, რაც თვითნებური და სუბიექტური აღსრულების საშუალებას იძლევა და რაც აუცილებელი პირობაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) გარანტირებულ უფლებების აღსასრულებლად.
- გარდა იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების სამართალდარღვევად მიიჩნევა, საბჭომ დაადგინა, რომ ამ ცვლილებების არც ერთი დებულება არ არის „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. ისინი არაპროპორციულია და ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ ლეგიტიმური მიზანი.
- „გრანტების“ გაფართოებული განმარტება, რომელიც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას და მათი მიღებისთვის მთავრობის თანხმობის მოთხოვნას, არის ლეგიტიმური სოციალური ურთიერთობებისა და გავლენის ჩახშობის მცდელობა.
- მოთხოვნა, რომ უცხოურმა სუბიექტებმა საკუთარი დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობისგან მიიღონ თანხმობა (თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოსთან), არის სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტში გაუმართლებელი ჩარევა.
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით და იურიდიული პირების ლიკვიდაცია გრანტებთან დაკავშირებული დარღვევებისთვის გადაჭარბებულია და მას, სავარაუდოდ ექნება მსუსხავი ეფექტი სამოქალაქო თავისუფლებებზე.
- დებულებები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს განიხილავს „პარტიულ-პოლიტიკური მიზნების“ მქონედ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ქმედებები „ჰგავს“ პოლიტიკური პარტიისას, ფაქტობრივად სჯის ლეგიტიმურ პოლიტიკურ განსხვავებულ აზრსა და სამოქალაქო ჩართულობას.
- პოლიტიკური პარტიის წევრობის რვა წლით აკრძალვა იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც 20%-იან ან მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, დაუსაბუთებელი და გადაჭარბებულია.
- სამეწარმეო იურიდიული პირებისთვის იმ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვა, რომელიც არ უკავშირდება მათ „ძირითად“ საქმიანობას, არის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
- საბჭო ასკვნის, რომ ეს კანონები კიდევ უფრო ამწვავებს იმ მძიმე ზიანს, რომელიც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უკვე მიადგა 2024 და 2025 წლების წინა კანონმდებლობით.
საბჭო წერს, რომ შეზღუდვების მასშტაბისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც მოჰყვება კონვენციით დაცული უფლებების განხორციელებაში ჩარევას, შეუძლებელია რომელიმე მათგანი, გარდა პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევისა, მიჩნეულ იქნეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ზომად.
დასკვნის თანახმად, არსებულ ვითარებაში ამ კანონების მიღება კიდევ უფრო გააღრმავებს იმ მძიმე და გაუმართლებელ ზიანს, რომელიც უკვე მიადგა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას. მათი მიღება შეუსაბამოა იმ ფართო ვალდებულებებთან, რომლებიც ევროპის საბჭოს ამ წევრმა სახელმწიფომ აიღო და, შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია.
შესაბამისად, ექსპერტთა საბჭო გასცემს რეკომენდაციას:
- გაუქმდეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
- საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს წინა სადავო დებულებების აღსრულებისგან, რომლებიც განხილული იყო საბჭოს 2024 და 2025 წლების დასკვნებში.