ევროკავშირის საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

პუბლიკა

კორონავირუსის პანდემის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ევროკავშირის საბჭომ იმ მესამე ქვეყნებს შორის, საიდანაც ვიზიტორების მიღება დაშვებული იქნება საქართველოც შეიყვანა. გადაწვეტილება რეკომენდაციებთან ერთად, ევროკავშირის საბჭომ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

საქართველოს გარდა, სიაში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მოროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და ეპიდსიტუაციის სწრაფი გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაც.


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ 25 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს.

იმავე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, საზღვრების საბოლოოდ გახსნა დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ასევე, მან განაცხადა, რომ საქართველო ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან მიმართებით ევროკავშირი.