ევროსაბჭოს ადგილობრივი მთავრობების კონგრესზე საქართველოს შესახებ ანგარიშსაც განიხილავენ

პუბლიკა

დღეს, 1 აპრილს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე განიხილავენ ევროსაბჭოს ანგარიშს, რომელიც 2025 წლის ფაქტების დამდგენი მისიის 24-25 სექტემბერს ვიზიტის შემდეგ დაიწერა.

დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ხაზგასმულია, რომ ადგილობრივი დემოკრატია საფრთხეშია მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციისა და ოპოზიციური ხმების სისტემური კრიმინალიზაციის გამო.

ანგარიში აღწერს წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დააზიანა შემზღუდველმა კანონმდებლობამ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივების გაყინვამ და გენდერული კვოტების გაუქმებამ.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ოცზე მეტი ცვლილება კოორდინაციის გარეშე განხორციელებული ცვლილება ის ძირითადი ფაქტორია, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს აკლდა საერთაშორისო დაკვირვება, გამოცხადებული იყო ფართომასშტაბიანი ბოიკოტი და იყო არათანაბარი საარჩევნო გარემო.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონები და აღადგინოს რეალური პოლიტიკური დიალოგი ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად.

სტრასბურგში არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებიდან.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ნათქვამია:

  • საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია განიცდის სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც ხასიათდება ღრმა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციით.
  • ძალაუფლება მკვეთრად არის კონცენტრირებული მმართველი პარტიის ხელში, რამაც გამოიწვია ერთპარტიული მმართველობა ადგილობრივ ორგანოებში; ამან ადგილობრივი თვითმმართველობა, ფაქტობრივად, მხოლოდ ადმინისტრაციულ „დეცენტრალიზაციამდე“ დაიყვანა.
  • იზრდება ოპოზიციური პარტიებისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების სამართლებრივი დევნა; გახშირდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაკავებები და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა.
  • ხელისუფლებამ მიიღო სხვადასხვა რეპრესიული კანონი, მათ შორის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რამაც მკვეთრად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
  • ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა ფართო კონსულტაციების გარეშე, რაც ძირს უთხრის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დამოუკიდებლობასა და კანონის სტაბილურობას.
  • გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტები, რამაც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის კუთხით.
  • ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა სარწმუნო საერთაშორისო თუ ადგილობრივი დაკვირვების გარეშე, რადგან დამკვირვებელთა უფლებები შეიზღუდა, ხოლო ევროსაბჭოს კონგრესი მიწვეული არ ყოფილ.
  • 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ხასიათდებოდა ოპოზიციის ფართომასშტაბიანი ბოიკოტით, მინიმალური კონკურენციით და არათანაბარი პირობებით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და მედიაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

შესაბამისად, ანგარიში ასკვნის, რომ:

საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხეშია გამოვლენილი პრობლემების დამაზიანებელი ეფექტის გამო.

  • 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობები.
  • საქართველოს ამჟამინდელმა ტრაექტორიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა მის ევროპულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას.
  • წინა მონიტორინგის ვიზიტებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა, ხოლო შეკავებისა და ბალანსის სისტემა გაუარესებულია.

ევროსაბჭოს კონგრესი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

  • საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა განაახლოს რეალური და ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლარიზაციის შესამცირებლად და ბალანსის სისტემის აღსადგენად.
  • უნდა გაუქმდეს პრობლემური კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონები და საარჩევნო კოდექსში შეტანილი შემზღუდველი ცვლილებები.
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული ხმების კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმოს ის ცვლილებები, რომლებიც აადვილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.
  • დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს გენდერული კვოტები ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად.
  • გადაიდგას ნაბიჯები ცესკოს დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის და განხორციელდეს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ფართო კონსულტაციების საფუძველზე.
  • მთავრობამ საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს მომიტინგეებსა და დაკავებულებზე ძალადობის ფაქტები და გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები.
  • უნდა მოიხსნას შეზღუდვები საარჩევნო დამკვირვებლებზე და ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ არჩევნებზე კონგრესის სისტემატური მოწვევის პრაქტიკას.