ევროსაბჭოს ექსპერტები: არ არსებობს დასაბუთება, რომ ეს კანონი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს 

პუბლიკა

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო რუსულ კანონზე დასკვნას აქვეყნებს და მიუთითებს, რომ „არ არსებობს დასაბუთება, რომ ის შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”.

25-გვერდიან მოსაზრებაში რუსული კანონი დეტალურად არის განხილული.

ექსპერტთა საბჭო მიუთითებს, რომ მასში არის ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, იმასთან დაკავშირებით, განიხილება თუ არა სესხი შემოსავლად.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მსგავსი საკითხის მოგვარებაც არ იქნება საკმარისი კანონპროექტის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ექსპერტთა საბჭო წერს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს იმ სუბიექტების გამჭვირვალობის საჭიროება, რომლებსაც კანონი ეხება, ის მაინც შეუსაბამოა აზრთან, რომ შეზღუდვები გავლენას მოახდენს გაერთიანებების თავისუფლებაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

დასკვნაში ასევე წერია:

„კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე.

დამატებით, კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო ჩართვა აშკარად თვითნებურია, რადგან სუბიექტები ვერ გაექცევიან რეგისტრაციის ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება.

მეტიც, კანონი რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის ვალდებულებას აწესებს მაშინაც, როცა შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შეიძლება გამოქვეყნებულ იქნას ამა თუ იმ სუბიექტის ვებსაიტზე, რასაც ისინი უკვე აკეთებენ.

ასევე, კანონის მრავალი დებულება ავალდებულებს სუბიექტებს, გასცენ პერსონალური ინფორმაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასა და უცხო ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

დამატებით, კანონი დააწესებს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომელიც თავისი ფარგლებით იქნება ძალიან ვრცელი და გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო ორგანიზაციაზე – არა მხოლოდ მათზე, რომლებიც ამ კანონით უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარები არიან. ეს მონიტორინგი ზედმეტად ინვაზიური იქნება მისი დიაპაზონითა და სიხშირით.

კანონი აწესებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც აშკარად გადაჭარბებულია მისი რეგულაციისთვის. 

ამდენად, კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის.

ეჭვის ქვეშ დგას კანონის მიზნის ლეგიტიმურობა, რადგან მისი დებულებები ვერ ამყარებს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ შემოსავლის წყაროს მიხედვით, მიუხედავად მათი საქმიანობისა.

მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით იმის მტკიცება, რომ სუბიექტი ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს, აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზებას. მსგავსი რამ არ არის გამართლებული, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო.

რომ შევაჯამოთ: არ არსებობს ამ კანონის სასარგებლო არგუმენტი, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”.