ევროსაბჭოს კინოფონდ „ევრიმაჟში" საქართველოს წარმომადგენელი ნინო კირთაძე პოზიციას ტოვებს

პუბლიკა

რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ საქართველოს  კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა, – ეს ინფორმაცია მან „ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.

გამოცემის ცნობით, კირთაძე ასევე ტოვებს პოზიციებს ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“.


„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ეს ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.


12 ივნისს კინოცენტრში რეორგანიზაცია  გამოცხადდა. რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრმა შრომითი ხელშეკრულება 7 ადამიანს შუწყვიტა.

კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის და პროცესების პარალელურად, ხელოვანებმა არაერთი აქცია გამართეს. კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ რეორგანიზაცია და ის პროცესები, რომლებსაც თეა წულუკიანი ახორციელებს, ემსახურება ქართულ კინოში ცენზურის დამკვიდრებას. ისინი პროტესტს არ წყვეტენ.