ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვასა და LGBTI ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით.
კომისარი ო’ფლაჰერტი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია არცერთ სამართალდამცველს და პირიქით, პროტესტის მონაწილეების მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
კომისარი გამოხატავს შეშფოთებას არასათანადო შეზღუდვებზე შეკრების თავისუფლების კანონში და ასევე, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევაზე, მათ შორის საპროტესტო აქციების დროს შევიწროების, ძალადობისა და დაშინების შესახებ.
ანგარიშში ნახსენებია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა.
კომისარი ო’ფლაჰერტი შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გაჩაღებული რიტორიკისა და გადაწყვეტილების გამო.
ამასთანავე, ანგარიშში კომისარი გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში LGBTI ადამიანების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე.
ო’ფლაჰერტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
„საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები, მათ შორის:
- უზრუნველყოს, რომ საპროტესტო აქციებისა და სხვა საზოგადოებრივი შეკრებების დარეგულირება იცავს კანონიერების პრინციპებს, აუცილებლობას, პროპორციულობას, სიფრთხილეს, არ არის დისკრიმინაციული და შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს;
- მოითხოვოს ყველა სამართალდამცველი პირისგან, ატაროს თვალსაჩინო და ინდივიდუალური პირადობის მაიდენტიფიცირებელი მოწმობა, რათა გაიზარდოს ანგარიშვალდებულება;
- გასცეს გარანტია, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ, თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ აქციები და სხვა საზოგადოებრივი შეკრებები;
- გაიაროს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებთან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა (OSCE/ODIHR, ვენეციის კომისია) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიღებულ ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში;
ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და ძალადობის სხვა შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, რომლებიც ჩადენილია სამართალდამცველებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ საპროტესტო და სხვა საზოგადოებრივი შეკრებების დროს, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს, მათ შორის:
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო;
- უზრუნველყოს დაშავებულების სამედიცინო მკურნალობა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ფინანსური კომპენსაცია და ნებისმიერი უსამართლო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციების გაუქმება;
- გააძლიეროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კერძოდ, პროკურატურაზე დამოკიდებულების შემცირებით;
- სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობის შესახებ;
- კანონის შესაბამისად, თანამდებობიდან გაათავისუფლოს დანაშაულის ჩადენისთვის გამოძიების ქვეშ მყოფი სამართალდამცველები.
ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და უზრუნველყოს მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა:
- შეწყვიტოს უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყოველგვარი სტიგმატიზაცია საჯარო განცხადებებით; საჯაროდ აღიაროს უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერება;
- უზრუნველყოს უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ შევიწროების ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება;
- უკან წაიღოს დებულებები და წინადადებები, რომლებიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიიღოს პროაქტიული ზომები მათი მნიშვნელოვანი ჩართულობის გასაზრდელად;
- გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 28 მაისს და დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც მას ჩაანაცვლებს, მკაცრად შეესაბამება საქართველოს ვალდებულებებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით.
კომისარი გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ზომების მიღება LGBTI ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, მათ შორის:
- შეწყდეს LGBTI ადამიანების ყოველგვარი სტიგმატიზაცია, მათ შორის საჯარო განცხადებებისა და ოფიციალური პირების მიერ გამოყენებული რიტორიკის საშუალებით;
- უზრუნველყოს LGBTI ადამიანებისა და ორგანიზაციების შევიწროების, ძალადობის, დაშინებისა და დისკრიმინაციის ყველა საქმის ეფექტიანად გამოძიება და დამნაშავეების ადეკვატურად დასჯა;
- დაუყოვნებლივ გააუქმოს 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებული კანონი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ;
- უკან წაიღოს არსებული კანონმდებლობიდან „გენდერისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღების შესახებ წინადადება;
- სრულად და სწრაფად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები LGBTI ადამიანებისა და ორგანიზაციების უფლებებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს LGBTI ადამიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რომლებიც გავლენას ახდენს LGBTI პირებზე.
ხელისუფლებამ პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს ქმედებები ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს ლგბტი ადამიანების წინაშე არსებული რეალობის უკეთ გაგებას“, — წერია კომისრის ანგარიშში.
კომისარი ო’ფლაჰერტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს იმყოფებოდა. ანგარიში ამ ვიზიტის შემდეგ დაიწერა.