ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად შეტანილი იყო საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო არჩევნებამდეც დაძაბული იყო, არჩევნების დროსაც და მის შემდეგაც.
„ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ოდირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული“, – განაცხადა კოქსმა, რომელმაც ასამბლეას სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში წარუდგინა.
„ისმოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი გამყოფი ხაზი წაშლა, რამაც შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ.
მმართველი პარტიის დომინანტობა საარჩევნო კომისიებში ნეგატიურად აისახა მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციების დაბალ დონეზე.
ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ინკლუზიური კონსულტაციების შედეგად იყო დამტკიცებული, რომელიც შეიცავდა ევროსაბჭოსა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების რეკომენდაციებს, ხელი შეუწყო ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
ამასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობა, ზედამხედველობა გაუწიოს საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, კვლავ შეზღუდულია. შესაბამისად ევროსაბჭოს და ოდირის ეს რეკომენდაცია ჯერ ისევ შესასრულებელია.
…დასკვნის სახით ვიტყვი რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და შედარებით თავისუფალი. არჩევნებში მონაწილეობდა 48 პარტია და ორი ბლოკი. ათმა პარტიამ მიაღწია წარმატებას და მათ ერთზე მეტი წარმომადგენელი შეიყვანეს პარლამენტში.
ამ არჩევნების მთავარი პრობლემა არ ყოფილა თავისუფლების ხარისხი, პრობლემას წარმოადგენდა სამართლიანობის ხარისხი.
საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტია არასათანადო პატივისცემით მოეპყრო იმ ხაზს, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ჰყოფს, როგორც ეს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა.
კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ ახალ პარლამენტს, რაც ეწინააღმდეგება თავად არჩევნების არსს, რაც ნიშნავს ამომრჩევლის წარმომადგენლობას პარლამენტში.
ჩვენმა თანამომხსენებლებმა უკვე მოუწოდეს მათ, დაიკავონ ადგილები ახალ პარლამენტში, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის.
ჩვენი აზრით, ეს გონივრული რჩევაა, ამიტომ გამოვდივარ მოწოდებით, გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ აზრიან დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა“, – განაცხადა ტინი კოქსმა.