ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო ხვალ მოძრაობა შეიზღუდება – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ხვალ, 14  დეკემბერს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე.

ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: –   ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით; –    დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ; –   ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; –    მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით; –    ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე – შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული კვირეული, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

თავდაპირველად პროექტი ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო და საზეიმო დახურვაც 7 დეკემებრს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩაკვეტაძე ამბობს, პროექტში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო და ამიტომ 7 დეკემბერის ნაცვლად 14 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით დაიხურება.