Tbilisi Pride-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა საქმე: „თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.
„მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.
მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგეს მომჩივნების დარღვეული უფლებები და სახელმწიფოს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა მისი უმოქმედობისათვის“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.