ევროსასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა

პუბლიკა

საქმეზე „X [კონფიდენციალური პირი] საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლები. 

დაზარალებულის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა.

საქმე ეხებოდა ბავშვზე სექსუალური ძალადობას და შემდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების სავარაუდო არაეფექტიანობას.

სასამართლოს ცნობით, საქმის თანახმად, 2021 წლის მაისში დაიწყო გამოძიება X-ის მხრიდან მამინაცვლის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებზე.

X-მა, რომელიც 2005 წელს არის დაბადებული და 2021 წელს 16 წლის იყო. მაშინ თქვა, რომ მამინაცვალი მასზე სექსლაურად 13 წლის ასაკიდან ძალადობდა.

მან პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, სამართალდამცველებმა კი მოაგროვეს მისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კერძოდ, არსებობდა დამოუკიდებელი მოწმეების ჩვენებები, ფსიქოლოგიური შეფასება, რომელიც ადასტურებდა, რომ X-ს არ ახასიათებდა გაზვიადებისკენ მიდრეკილება, ასევე არსებობდა სამედიცინო დასკვნა, რომელმაც მას სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვა.

თუმცა, საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის ივლისის შემდეგ გამოძიების წინსვლისთვის არაფერი გაკეთებულა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო ადეკვატური იყო, X-ის ბრალდებებზე ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანი აღმოჩნდა.

კერძოდ:

გამოძიება თითქმის 5 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, რისი მიზეზებიც გაურკვეველი დარჩა.

ეროვნული სასამართლოს დასკვნა X-ისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (იმ მოტივით, რომ მას ზიანი არ მიუღია, მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა), მხოლოდ ისე შეიძლება განიმარტოს, როგორც სერიოზული ბრალდებების მიმართ შინაარსიანი გამოძიების ჩატარების სურვილის არქონა.

ხელისუფლების უარი X-ის ახალი ჩვენების მიღებაზე, რომელსაც შესაძლოა მამინაცვალი უფრო მძიმე დანაშაულებში ემხილებინა, ასევე მოწმობდა საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების მიმართ უწყებების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

გინეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება X-ის საქმის კონკრეტულ გარემოებებში გაუმართლებელი იყო, ხოლო დაკითხვისას დასმული ერთ-ერთი კითხვა ისე იყო ფორმულირებული, რომ პოტენციურად დამატებითი ტრავმას იწვევდა. კერძოდ, გამომძიებელმა X-ს ჰკითხა, „სურდა თუ არა მას მამინაცვლის სექსუალური ყურადღება“, რაც სასამართლომ შეუფასებელ და პოტენციური ზიანის მომტან ფორმულირებად მიიჩნია.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევრპულმა სასამართლომ დაადგინა, X-ის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ჩატარებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება იყო არაეფექტიანი და გამოიწვია მისი ხელახალი ვიქტიმიზაცია და საქართველოს სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ, არამატერიალური (მორალური) ზიანის კომპენსაციის მიზნით 10,000 ევროს გადახდა დააკისრა. 

X ასევე დაობდა მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე – საჩივრით ის ამტკიცებდა, რომ გამოძიების ხარვეზები სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციით იყო გამოწვეული. თუმცა, სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა, ვინაიდან განაცხადა, რომ არ ჰქონდა მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებდა, რომ მსგავს საქმეებზე გამოძიების ჩავარდნა არასრულწლოვან გოგონებზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე ბიჭებზე.