ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო 20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი – HRC

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  წარმოებაში მიიღო ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელები, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტექსტო აქციის დარბევისას დაზარალებულ ჟურნალისტებს ეხება. ჟურნალისტების – მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვისა და ზაზა სვანაძის  სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

ცენტრში ამბობენ, რომ ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას დაზარალებულად ეცნო ჟურნალისტები და ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11  (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა.

„2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი  დაზიანებები მიიღეს.

პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია – გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობისა თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა.

ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის  ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია“, – ამბობენ ორგანიზაციაში.


2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე 38 ჟურნალისტი დაშავდა. საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.