„ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

პუბლიკა

უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა.

„გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, – აღნიშნეს მათ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა.

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს — მესამედ თავის ისტორიაში და მე მჯერა, არა ბოლოჯერ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში“, — წერს ზელენსკი.

საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ – 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.

ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.