პარტია „ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტის მთავარ გზავნილად უნდა იცეს „არა რუსულ კანონს”.
პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ჩვენი მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს.
„მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები.
რუსული კანონის “გაკეთილშობილების” შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას”.- აცხადებს პარტია.
„ევროპული საქართველოს” შეფასებით, საქართველოს ამდენად საკვანძო მომენტში, მნიშვნელოვანია, „პროცესის მონაწილე თითოეულმა ოპოზიციურმა აქტორმა გამოიჩინოს სიმტკიცე და პრინციპულობა და არ გადაუხვიოს იმ მოქალაქეთა მოთხოვნებსა და პოზიციებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების მცდელობას”.
„რეჟიმის დაშოშმინების მიზნით, ცრუ კომპრომისზე მოლაპარაკებებში შესვლა მხოლოდ დააჩქარებს რუსული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში და ხელს შეუწყობს ამ კანონის ამოცანების საბოლოოდ გაფორმებას.
არა რუსულ რეჟიმს”. – ნათქვამია „ევროპული საქართველოს” განცხადებაში.
დღეს, 14 მაისს პარლამენტი გეგმავს, მესამე მოსმენით მიიღოს რუსული კანონი.