ტელეკომპანია „ფორმულა“ რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოს დაუკავშირდა და კითხვები გუშინ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვა. ევტუშენკოვმა „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ესაუბრება ხოლმე ბიძინა ივანიშვილს „ჩანაწერები ბევრი არსებობს და ზოგი ფეიქია“, – თქვა ევტუშეკოვმა.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებული ჩანაწერის შინაარს და იქ გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებულ კითხვებს, მან საქართველოში მისი წარმომადგენლის ალი უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა.
„ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიქია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – თქვა მან.
გუშინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.
ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.
ჩანაწერი youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.