ეწინააღმდეგება ორწლიანი ბრძოლის სულისკვეთებას - 20 ივნისს დაშავებულები კომპენსაციის ინიციატივაზე

პუბლიკა

2019 წლის 20 ივნისს დაშავებულები კომპენსაციის შესახებ პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივას ეხმაურებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარუმატებელი პოლიტიკური მცდელობაა ამნისტიის გამო მორალური სახის შენარჩუნების და ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას.

„ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, 2 წელია, ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება.

როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი, ვალდებულად ვთვლით, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების ამსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენს ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება.

ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების.

სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო იყო მიუღებელი ჩვენთვის მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხებოდა და რომელზედაც ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა.

აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას“, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • გიორგი სულაშვილი
  • დავით ქურდოვანიძე
  • მაკო გომური
  • ლუკა პეტრიაშვილი
  • დემეტრე ნაყოფია
  • გიორგი ბულისკერია
  • კობა ლეთოდიანი
  • ირაკლი ხვადაგიანი
  • ირაკლი ფავლენიშვილი
  • დავით ხვადაგიანი
  • ზაზა მღებრიშვილი

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ და „ლელომ“ კანონპროექტი პარლამენტში 23 ივნისს დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებისთვის:

  • სხეულის ან/და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 1000 ლარი;
  • სხეულის ან/და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 2000 ლარი;
  • სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 3000 ლარი; ​
  • პირები, რომლებსაც ამ დროს მიადგათ სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან/და ინვალიდობა, ერთჯერადად მიიღებენ კომპენსაციას 12 000 ლარის ოდენობით და ყოველთვიურ კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით, სიცოცხლის ბოლომდე.

ათ კომპენსაციის სახით ასევე ანაზღაურდებათ (საჭიროების შემთხვევაში – წინსწრებით) მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები სრული ოდენობით.