ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დღეს დილით ტრადიციულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება შეაჯამა.
საქართველოში დილის მონაცემებით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში 195 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. მარინა ეზუგბაიას თქმით, 7 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია. ის რისკჯგუფში არ შედის, იყო საკარანტინო სივრცეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.
„განკურნებულია 29 პაციენტი. ამჟამად 39 მკურნალობს ჩვენთან. აქედან ერთი კრიტიკულია, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ გაინიხილებიან, ასეთი სულ 6 პაციენტი იყო. გარდა ამ 6 პაციენტისა 22 საშუალო სიმძიმის პნევმონიითაა, რომელთა მართვაც პროგნოზულად კეთილსაიმედო უნდა იყოს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, გამოჯანმრთელების თვალსაზრისით ტესტირებები გრძელდება. რამდენიმე პაციენტთან გუშინ პასუხი უარყოფითი იყო და დღეს ისევ შემოწმდებიან. შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.