Facebook-ის ანგარიშში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ნახსენები და ეს „ნაციონალური მოძრაობაა“ - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ასობით ყალბი გვერდის წაშლაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ფეისბუქის ანგარიშში, სადაც ის საქართველოში ყალბი გვერდების შესახებ საუბრობს, ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. მისი თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ფეისბუქმა ენმ-თან დაკავშირებული ყალბი გვერდები მომხმარებელთა შეტყობინებების საფუძველზე წაშალა და ამ თემასთან რომელიმე არასმთავრობო ორგანიზაცია დაკავშირებული არაა.

„სამწუხაროდ ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელი გაჯერებულია დეზინფორმაციით. თუმცა თავად ფეისბუქმა ოფიციალურად გამოააშკარავა, საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია ყალბი გვერდების ჩახსნაზე და საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური პარტია ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფეისბუქის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდების სამიზნე იყო მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია.

ენმ-ის ყალბი ანგარიშების გაუქმება მოხდა მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. მადლობას იმსახურებს ფეისბუქის ადმინისტრაცია და მინდა მივმართო მას, რომ ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში, რაც დემოკრატიული გარემოს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კოკა ყანდიაშვილზე დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ 2014 წლიდან მას „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება არ აქვს და ყველამ იცის, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ებრძვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, ის დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედია სივრცეში და სხვადასხვა დროს სხადასხვა სააგენტოს წარმოადგენდა.

„მას ჰქონდა ეს პერსონა სააგენტო და ოპერირებდა. მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს, რაიმე დავალება, ან ხელშეკრულება არ ჰქონია. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში  511 Facebook-გვერდი წაიშალა. ასევე Facebook-ის 101 მომხმარებელი, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 მომხმარებელი.

„ჩვენი გამოძიებით ეს ქსელი დაკავშირებული იყო მედიაორგანიზაცია „ესპერსონასთან“. ამჟამად ეს ორგანიზაცია ჩვენი პლატფორმებიდან დაიბლოკა. ეს გამოვლენილი აქტივობა ჩვენი გამოძიების ნაწილია, რომელიც იძიებს არაავთენტურ ქცევას ადგილობრივ „ფაქტჩეკინგ“ ორგანიზაციასთან ერთად და გარკვეულწილად ადრე წაშლილ გვერდებს უკავშირდება“, – ნათქვამია Facebook-ის ანგარიშში.

Facebook-ის ანგარიშით, ასევე წაიშალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი და 40-ზე მეტი ჯგუფი. „ჩვენ წავშალეთ Facebook-ის 23 მომხმარებელი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Intagram-ის 9 მომხმარებელი. ჩვენი გამოძიებით, ეს ქსელი პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.