ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, სოციალურ ქსელში პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
ოქმის ფოტოს მიხედვით, რომელიც გრიგორიადისმა „პუბლიკას“ მიწოდა, ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.
166-ე მუხლი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს, 173-ე მუხლი კი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ოქმი ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ 7 ივნისს არის შედგენილი. მისი მიხედვით, 3 ივნისს ბექა გრიგორიადისმა სოციალური ქსელების საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. ოქმის მიხედვით „ადგილი ჰქონდა“ გინებას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
„მითითებულია სახელმწიფო მოხელის და პოლიციის მიმართ შეურაცხყოფა, მაგრამ არავისთვის შეურაცხყოფა მე არ მიმიყენებია. წერია, რომ ამა წლის 3 ივნისს ჩემს კერძო გვერდზე გაკეთებულ პოსტსა და Facebook-live-ში თურმე მე ვიღაცისთვის შერაცხყოფა მიმიყენებია. მე ვერ ვხედავ იქ ვერაფერს, შეგიძლიათ ნახოთ, 3 ივნისს მე არავისთვის არაფერი მითქვამს.
ეს არის უბრალოდ ადამიანის დევნა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და პრეცენდენტი, რომ ჩვენს პირად სივრცეშიც შემოდიან და რაც მათ მიაჩნიათ შეურაცხყოფად, იმის გამო გვიბარებენ სასამართლოში…
…მე პოლიციელს პრინციპულად არ შევაგინებ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პრინციპი. პოლიციელები არიან ხალხის სამსახურში, მე ვუფრთხილდები ნამდვილ და ღირსეულ პოლიციელებს.
მე შეიძლება შემეგინებინა მილიციელისთვის. მილიციელი, რომელიც ასრულებს ბინძურ დავალებებს. მილიციელები, როგორიც გვყავდა ადრე, როგორიც ჰყავს რუსეთს და ბელარუსს. შედარებისთვის შეიძლება ვაგინებ ეგეთ ადამიანებს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ ჩემს ლაივებში, არაფერი ეგეთი არ მინახავს“, – ამბობს ბექა გრიგორიადისი „პუბლიკასთან“.
ბექა გრიგორიადისის თქმით, ჯერჯერობით მისთვის არ შეუტყობინებიათ ჩაინიშნა თუ არა და როდის ჩაინიშნა ამ შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო სხდომა.
ბექა გრიგორიადისის მიერ 3 ივნისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ live-ჩართვებსა და პოსტებში სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება საჯაროდ არ იძებნება.
რაც შეეხება გინებას „მილიციის“ მიმართ, რაზეც ბექა გრიგორიადისი „პუბლიკასთან“ საუბრობს, ის 2 ივნისს იმყოფებოდა აქციაზე, როცა ბანერების გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე, აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააკავეს. ერთ-ერთ Facebook-live-ში, რომელიც გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში 2 ივნისის საღამოს გამოაქვეყნა ის აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ „მილიციას“ მიმართავს. „მილიცია, თქვენი დედა მ****“ – ისმის ვიდეოში.
ბექა გრიგორიადისს უწყვეტი პროტესტი აქვს დაანონსებული. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”.
პროტესტის დროს ის 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდეც, როდესაც კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ 2 ივნისს ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.