Facebook-მა „ალტ-ინფოსა“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული გვერდები წაშალა

პუბლიკა

Facebook-ის დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა 8 ქვეყანაში ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების 14 ქსელი წაშალა. აქედან წაშლილი 2 ქსელი საქართველოდანაა. წაშლილი ქსელების სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო.

საქართველოში არსებული ქსელების იდენტიფიცირება და წაშლა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საჩივრების საფუძველზე მოხდა.

Facebook-ის განცხადებით, წაშლილია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ივენთი და 19 ინსტაგრამის ანგარიში.

„გამოძიების ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ქსელი იყო მონაწილე რეგიონში საეჭვო კოორდინირებული არავთენტური ქცევისა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

Facebook-ის განცხადებით, ასევე წაშლილია პარტია „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ქართულ არჩევანთან“ დაკავშირებული 54 Facebook-ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში.


ბოლო სამი წელია, Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ფაქტებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. კომპანია საზოგადოების ინფორმირების მიზნით ყოველთვიურ ანგარიშსაც აქვეყნებს.