Facebook-მა ცნობილ ავსტრალიელ შეფ-მზარეულს გვერდი წაუშალა

პუბლიკა

Facebook-ის განცხადებით, სოციალური ქსელიდან წაიშალა ცნობილი ავსტრალიელი შეფ-მზარეულის, პიტ ევანსის გვერდი. როგორც The Guardian წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ევანსის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება იყო.

Facebook-ის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ ფეისბუქი არავის აძლევს უფლებას, გააზიარონ დეზინფორმაცია covid-19-ის შესახებ, რადგან ამ სახის ინფორმაციამ შესაძლოა ფიზიკური ზიანი მოუტანოს სხვა მომხმარებელს.

„ჩვენ პირველ ჯერზე ევანსი გავაფრთხილეთ. თუმცა მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციული პოსტები არ შეწყდა, გაფრთხილების მიუხედავად ჩვენ წავშალეთ შეფი პიტ ევანსის ფეისბუქ-გვერდი. გვაქვს მკაფიო პოლიტიკა ამ ტიპის დეზინფორმაციული კონტენტისთვის და ჩვენ არავის ვაძლევთ კოვიდ-19-ზე, ან კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას“, – თქვა Facebook-ის სპიკერმა ოთხშაბათს

როგორც გარდიანი ამბობს, ევანსი პანდემიასთან დაკავშირებით საშიში დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელია. ის თავის მილიონობით მიმდევარს და ფანს ხშირად ეუბნება, რომ კოვიდ-19-ის პანდემია „გამოგონილია“.

გარდიანის თქმითვე, Facebook-ს ადრეც წაუშლია ევანსის ინდივიდუალური პოსტები, დეზინფორმაციისა და ზიანის მიყენების პოლიტიკის დარღვევის გამო.