Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისთვის პარტიებმა 1 თვეში 320 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს - ISFED

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook-გვერდი და 11,469 პოსტი გააანალიზა.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ: 

  • ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;
  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.

დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.  ასევე, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 Facebook-გვერდს. მონიტორინგი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც.

ანგარიშის მიხედვით, ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. 69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“ პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ასევე ვრცელდება პრორუსული ნარატივებიც. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინტენსიურად გრძელდება Facebook-ის არაოფიციალურ, ანონიმურ და ცრუ მედია გვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიებიც. საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“), კრიტიკული მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 30 გვერდი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა.

„ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. მედიის საწინააღმდეგო პოსტებში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ არიან. „მთავარი არხის“ დისკრედიტაცია, ძირითადად, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საკითხების გაშუქებას მიემართებოდა და გაისმოდა ბრალდებები საკითხის შერჩევითად და პარტიულ კონტექსტში გაშუქების შესახებ. ტელეკომპანია „იმედი“ დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნე იყო გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გამო, რომელშიც ნიკა ლალიაშვილისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლის საუბარია გადმოცემული“, – ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში Facebook-ზე 9 ცრუ მედიაგვერდი მოქმედებდა, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდა. ცრუ მედიის 9 გვერდზე სულ 403 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან ISFED-მა 7 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა.

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პარტიებისა და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. პარტიებისა და კანდიდატების 177 ოფიციალურ გვერდზე 4,925 რეკლამა გამოქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით.

„პოლიტიკური რეკლამების ნაწილი ანონიმურად, სავალდებულო დეკლარირების გარეშე ვრცელდებოდა, ხოლო ფეისბუქის რეაგირება, დარეპორტების მიუხედავად, არაეფექტური და არასაკმარისი იყო. საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე პოლიტიკური მიზნით მოქმედ 42 გვერდზე „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ეს რეკლამა პოლიტიკური კანდიდატის ან საკითხის შესახებ შინაარსის გამომხატველი იყო და დარღვევით გამოქვეყნდა, მხოლოდ 23-ის მოქმედება შეჩერდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას:

  • პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს;
  • პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის – პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს;
  • ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.