facebook-ზე შექმნილია გვერდი ,,გაყალბებული ოქმები", რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციას - ცესკო

პუბლიკა

ცესკომ დღეს, 4 ნოემბერს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა, სადაც მათი წარმომადგენელი გამოეხმაურა გარკვეულ ოქმებში არსებულ დისბალანს. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კალანდარიშვილი ამ განსხვავებას ასე ხსნის:

„სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას.

სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითად, საარჩევნო უბანი №22.58.68 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის იმ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის.

შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი სახელწოდებით ,,გაყალბებული ოქმები”. მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას,  საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.

აქვე, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ (საარჩევნო უბანი 27.67.66), რომელიც გავრცელდა ამ გვერდზე, რომელშიც არცერთი ციფრი და მონაცემი არ არის შეცდომით, თუმცა ამ გვერდზე ის განთავსებულია როგორც გაყალბებული ოქმი.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. ამასთან, მინდა მივმართო  არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ სიახლეების გაზიარებისას, მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ.

ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა, მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება”, – აცხადებს კალანდარიშვილი.