სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ მასალებში 2020 წლის 24 იანვრით დათარიღებული ცნობის მიხედვით, „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორმა, გიორგი მასხულიამ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს აცნობა, რომ აღნიშნული სილამაზის კონკურსის გამართვას ცდილობს სხვა პიროვნებაც (ვინაობას არ აკონკრეტებს), რის გამოც შსს-ს ისან-სამგორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, რომელსაც აწარმოებს გამომძიებელი თ.მ.
ფაილის მიხედვით, მასხულიამ არქიმანდრიტს სთხოვა, „მისი კავშირების საშუალებით გამომძიებელთან დაკავშირება და საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში დახმარება, რაზეც აბაშიძემ თანხმობა განუცხადა“.
მოგვიანებით კი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მასხულიამ მღვდელმსახურს თხოვნის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ გრიგოლ აბაშიძეს სილამაზის კონკურსის ,,მისტერ ვალენტინის” ორგანიზატორმა გიორგი მასხულიამ მადლობა გადაუხადა მისი თხოვნის შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ მღვდელმსახურის ერთმა ზარმა ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა“, – წერია 2020 წლის 11 თებერვლით დათარიღებულ ცნობაში.
„პუბლიკასთან“ გიორგი მასხულიამ დაადასტურა, რომ სილამაზის კონკურს „მისტერ ვალენტინის“ საქმეზე მართლაც მიმდინარეობდა დავა კონკურსის ყოფილ ორგანიზატორთან და საქმე სასამართლოში თავად მასხულიას სასარგებლოდ გადაწყდა. მასხულიამ ასევე „პუბლიკასთან“ დაადასტურა, რომ საქმე ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოში იყო შესული.
მასხულიას ასევე ვკითხეთ, იცნობს თუ არა გრიგოლ აბაშიძეს და მართლა სთხოვა თუ არა მას კონტაქტების გამოყენებით გამოძიების თავის სასარგებლოდ წარმართვაში დახმარება, რასაც მასხულია სიცრუეს უწოდებს.
„ეს არის ტყუილი, 2 წელია, უკვე წარმატებით ვუდგავარ სათავეში „მისტერ ვალენტინის“ კონკურსს. წელს ოქტომბერში გამოცხადდება კასტინგი. ვინ რას იტყვის და ვინ რას გამოიძიებს, ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ოფიციალურად კონკურსი ჩემია, სანამ ცოცხალი ვარ ამ კონკურსს ჩემ გარდა ვერავინ ვერ ჩაატარებს […] შორიდანაც არ ვიცნობ მე ამ პიროვნებას [გრიგოლ აბაშიძეს]. რა კარგია, თქვენ წარმომიდგინეთ ახლა მისი რეგალია, თორემ არც მახსოვდა. კომუნიკაცია მეუფე გრიგოლთან არ მქონია არასოდეს, მაგ პერიოდში მით უმეტეს“, – აცხადებს მასხულია და დასძენს, რომ გრიგოლ აბაშიძე ერთხელ თუ ეყოლება ნანახი. მანვე აღნიშნა, რომ მისტერ ვალენტინს“ ყოფილი ორგანიზატორი 11 წლის განმავლობაში უკანონოდ ატარებდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ გრიგოლ აბაშიძესაც დაუკავშირდა. მანაც აღნიშნა, რომ გიორგი მასხულიას არ იცნობს.
„სისულელეა, ისიც თქვეს, 28 მილიონი აიღოო. მაგი არის ბჟუტური. ეს არის ჭორი, უშიშროება თუ ასეთ სისულეებს აკეთებს… ის ხომ ამბობდა, ვინც თავი მოიკლა, რომ ჭორებს გივრცელებთო? სიგიჟეა ეს“, – განაცხადა გრიგოლ აბაშიძემ.
სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ მასალებში გრიგოლ აბაშიძე არაერთ საქმეში გვხვდება, თუმცა ის ფაილებში თავმოყრილ ცნობებს სიცრუეს უწოდებს.